გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კვირას, 4 ოქტომბერს, კიევში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტის დროს უკრაინისთვის დახმარების მასშტაბური პაკეტის შესახებ გამოაცხადა. საუბარია შეიარაღებისთვის გამოყოფილ 1 მილიარდ ევროზე, ასევე 350 მილიონ ევროზე ენერგეტიკული სექტორისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივ თავდასხმებს განიცდის, იუწყება სააგენტო Reuters.

მერცს ვიზიტისას თან ახლავს ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი კატარინა რაიხე, ასევე წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ენერგეტიკისა და თავდაცვის მრეწველობის საწარმოების ხელმძღვანელებს აერთიანებს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას — როგორც კიევის უმსხვილეს მხარდამჭერს — და პირადად მერცს. ვიზიტი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოელი მოქალაქეები და დიპლომატები უკრაინაში გამგზავრების რისკების შესახებ "გააფრთხილა".

გერმანია და უკრაინა თავდაცვის სფეროში ახალ შეთანხმებებსაც აფორმებენ. მერცის თქმით, საუბარია დრონების, ასევე 1000 კილომეტრზე მეტი მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტებისა და თანამგზავრული აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე, რაც უკრაინის არმიას სამიზნეების აღმოჩენაში უნდა დაეხმაროს. ბოლო კვირებში მნიშვნელოვანი ტექნიკური გარღვევა იქნა მიღწეული, განაცხადა მერცმა კომპანია Quantum-ის ირგვლივ. "ახლა ისინი წარმოებასაც აჩქარებენ", - დასძინა მან.

ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის დახმარება სარგებელს მოუტანს თავად გერმანიასა და ევროპას. "თავდაცვის მრეწველობის მეწარმეები, რომლებიც დღეს თან მახლან, უკრაინის სამხედრო გამოცდილებიდან სწავლობენ და პირიქით", - აღნიშნა გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა.