რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი რაკეტა რუსული გემიდან როგორ მიდი სასამართლოს მიმართულებით. 

"საერთაშორისო სამართლის სისტემა საბოლოოდ დაინგრა. ვაღიარებთ, რომ ის არც აქამდე ყოფილა დიდად ეფექტური. განსაკუთრებით მისი საერთაშორისო ინსტიტუტები. ერთა ლიგა ჩამოიშალა, სსრკ გაეროდან გამოსვლაზე ფიქრობდა, კონვენციები და სხვა საერთაშორისო აქტები დღეს გაჭირვებით მიიღება, გვაქვს სრული მიკერძოებულობა და ანგლოსაქსური ქვეყნების ჯგუფის დიქტატურა.

მაგრამ საერთაშორისო საჯარო სამართლის სისტემის მთავარი ნაკლი მისი არაეფექტურობაა. ქვეყნებს არ სურთ გაეროს გენერალური ასამბლეის მიკერძოებული აქტების განხორციელება, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს ვეტოს ადებენ, ტოვებენ გაეროს სხვადასხვა ინსტიტუტებს. მიზეზი უსამართლობაა, რომელიც იმავე სუვერენული სახელმწიფოების ქვეყნების ჯგუფის მიერ ასეთივე სუვერენულ სახელმწიფოებზე იძულების დაუშვებლობას ეფუძნება. PAR IN PAREM NON HABET IMPERIUM. თანასწორს თანასწორზე ძალაუფლება არ აქვს.

ავიღოთ რომის სტატუტის საფუძველზე შექმნილი ეს უაზრო, უსარგებლო ICC, რომელსაც უდიდესი სახელმწიფოები არ შეუერთდნენ. ვის დააკისრა მან პასუხისმგებლობა?

სამი ათეული უცნობი პირი. სუდანის პრეზიდენტს საერთოდ არ ადარდებს ეს ბრალდებები და, მიუხედავად სამხედრო გადატრიალებისა მის ქვეყანაში, "სამართლისთვის" მიუწვდომელია. დანარჩენის ხსენება საერთოდ არ ღირს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი ეფექტურობა ნულის ტოლია. ეს არ არის ნიურნბერგის და ტოკიოს ტრიბუნალები. ან თუნდაც იუგოსლავიის საეჭვო ტრიბუნალი.

ქვეყნისა და მისი ლიდერების გასამართლება შესაძლებელია ორ შემთხვევაში: 1) როდესაც თავად ქვეყანა დასუსტებულია, თითქმის დაკარგა სუვერენიტეტი და სასამართლოს ძალაუფლების აღიარება გადაწყვიტა; 2) როდესაც ქვეყანამ ომი წააგო და კაპიტულაცია მოახდინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეუძლებელია. და ეს ყველას ესმის. სხვათა შორის, ყველაზე დისკრედიტაციული ეპიზოდი, რომელმაც სასამართლოს უკვე თითქმის ნულოვანი ავტორიტეტი მიწასთან გაასწორა, ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის დანაშაულებს უკავშირდება. სასამართლომ სრულიად ჩაისვარა და ვერაფერს აკეთებდა. აშკარაა, რომ აშშ-ს მძლავრმა შეძახილმა, რომ მათ საერთოდ არ მოუხდენიათ რომის სტატუტის რატიფიცირება, მოსამართლეებში ცხოველური ლტოლვა გამოიწვია, შეესრულებინათ სამართლიანობასთან დაკავშირებული ბუნებრივი მოთხოვნილებები.

შემდეგ კი, სხვა ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტის გასამართლება გადაწყვიტეს, რომელიც ICC-ში იმავე მოტივით არ მონაწილეობს, რომლითაც შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები. საერთაშორისო სამართლის შედეგები საშინელი იქნება. ეს არის სამართლის საფუძვლების, პრინციპების ნგრევა. პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პოსტულატების ჩათვლით. ამიერიდან საერთაშორისო უწყებაში აღარავინ წავა, ყველა ერთმანეთში მოილაპარაკებს. მთელი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის მზე მალე ჩაესვენება. ნდობა დაკარგულია.

ამბობენ, ჩვენ მამაცები ვართ, უდიდესი ბირთვული ძალის წინააღმდეგ წასვლის არ შეგვეშინდა. ვაი რომ, ბატონებო, ყველა ღმერთისა და რაკეტების ქვეშ დადის. სავსებით შესაძლებელია, ჰააგის სასამართლოს მიმართულებით, რუსული გემიდან გაშვებული ჰიპერბგერითი რაკეტა წარმოვიდგინოთ. მას ვერ შეაჩერებ. სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ, ომსაც ვერ დაიწყებენ. შეეშინდებათ. და არავის შეეცოდება. ასე რომ, სასამართლოს მოქალაქეებო, ცას ყურადღებით ადევნეთ თვალი..." - წერს მედვედევი.