აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აზიაში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამა, საკუთარ დიპლომატიურ წარმატებებს გაუსვა ხაზი და ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზე დეტალურად ისაუბრა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, სადაც პრეზიდენტის გვერდით ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმყოფებოდნენ, დონალდ ტრამპმა აზიური ტურნე „ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საპრეზიდენტო ვიზიტად“ შეაფასა. ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ახლა ისე სცემენ პატივს, როგორც არასდროს. მისივე თქმით, ოთხ დღეში 20-ზე მეტ მსოფლიო ლიდერს შეხვდა, ორი ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა და კიდევ 10-მდე მსგავსი გარიგება უახლოეს მომავალში დასრულდება.

პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაეთმო. ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან და რუსეთთან კარგი ურთიერთობის ქონა შეერთებულ შტატებს „დამატებით ძალას“ აძლევს.

„მას მივიჩნევ ადამიანად, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. და ეს მართლაც ძალიან კარგია. მას ბევრი ბირთვული [იარაღი] აქვს — ბირთვული იარაღის რაოდენობით ის ჩვენს შემდეგ მეორეა და ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ეს ჩვენ ბევრ დამატებით ძალას გვაძლევს. მას ახლა რთული პერიოდი აქვს, რადგან ჩართულია ომში, რომელიც ერთ დღეში უნდა დასრულებულიყო და უკვე ხუთი წელია გრძელდება“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ტრამპმა გაიხსენა ჩინეთში გამართული პირველი სამმხრივი შეხვედრა მისი, პუტინისა და სი ძინპინის მონაწილეობით და აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის „ფანტასტიკური ურთიერთობა“ და „საოცარი ენერგეტიკა“ იყო.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, პუტინმა მას პირად საუბარში დაუდასტურა, რომ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას არ დაიწყებდა, იმ დროს თეთრი სახლის ლიდერი ტრამპი რომ ყოფილიყო.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება კონფლიქტის დასრულება, ტრამპმა უპასუხა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის „უზარმაზარი სიძულვილია“, რაც პროცესს ართულებს.

მან ასევე დასძინა, რომ ამერიკელებს გაუმართლათ, რადგან ჰყავთ პრეზიდენტი, რომელსაც მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ლიდერებთან ურთიერთობა აქვს.


წყარო: „სიბიეს ნიუსი“

მოამზადა რაულ კაპანაძემ