უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

როგორც რუბიომ აღნიშნა, ახლა შეთავაზებას რუსეთს წარუდგენენ და იმედოვნებს, რომ ისინიც დათანხმდებიან.

„როგორც ნათელი იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე დღიდან, თუნდაც მისი კანდიდატობის დროს, პრეზიდენტი ტრამპს სურს, იყოს პრეზიდენტი მშვიდობისთვის. მისი მიზანი მთელ ამ პროცესში ამ ომის დასრულება იყო. ეს არის საშინელი, ძვირადღირებული, სისხლიანი ომი. მისი უმთავრესი ინტერესია ამ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. დღეს გაკეთდა შეთავაზება, რომელიც უკრაინელებმა მიიღეს, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად ისეთი გზით, რომელიც იქნება მდგრადი და საიმედო, გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, უსაფრთხოებას. მინდა, პირადად და ჩვენ, ორივეს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საუდის არაბეთს, მის უდიდებულესობას, ჩვენი მასპინძლობისთვის. ისინი უმნიშვნელოვანესი იყვნენ ამ პროცესში და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათი მასპინძლობისთვის.

ახლა ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და იმედი გვაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან. იმედი გვაქვს, რომ ისინი მშვიდობას დათანხმდებიან. ბურთი ახლა მათ მხარესაა. კვლავაც პრეზიდენტის მიზანი აქ არის უმთავრესი. მას სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, დღეს უკრაინამ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, რუსები საპასუხოდ იმავეს გააკეთებენ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

თარგმანი: პირველი არხი