აშშ-ის აკრძალვა იარაღის მიწოდებაზე და სამხედრო ინფორმაციის გაცვლაზე შესაძლოა, ხვალვე მოიხსნას, - იტყობინება The Telegraph-ი.

ეს დამოკიდებულია იმაზე, წარმატებული იქნება თუ არა მოლაპარაკებები საუდის არაბეთში და არის თუ არა უკრაინა მზად დათმობებზე წასასვლელად, - განუცხადა გაზეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

სახელმწიფო მდივნის თქმით, თეთრ სახლმა ჯერ უნდა გაიგოს, რა დათმობებზეა მზად კიევი სამხედრო დახმარების განახლებამდე და დასძინა, რომ უკრაინა უნდა იყოს „მომზადებული მძიმე საქმის გასაკეთებლად, ისევე, როგორც ამას გააკეთებენ რუსები".

შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს ხვალ, საუდის არაბეთში შეხვდებიან.

სტოკჰოლმის მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინა იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. ქვეყნის წილი  მძიმე შეიარაღების (მათ შორის ტანკების, მოიერიშე თვითმფრინავების და წყალქვეშა ნავების) მსოფლიო იმპორტის 8,8%-ს შეადგენს.  მომდევნო ადგილებზე, ბოლო ხუთი წლის მონაცემების თანახმად,  ინდოეთი (8,3%), ყატარი (6,8%), საუდის არაბეთი (6,8%) და პაკისტანი (4,6%) არიან.

უკრაინის უმსხვილესი მომწოდებლები არიან  შეერთებული შტატები (45%), გერმანია (12%) და პოლონეთი (11%).

2020-2024 წლის მონაცემების თანახმად, ევროპა თავის შეიარაღების 64%-ს შეერთებული შტატებიდან იღებდა. 2015-2019 წლებში ეს მაჩვენებელი 52%-ს შეადგენდა.

ამჟამად, იარაღის მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორები არიან შეერთებული შტატები და საფრანგეთი.


იარაღის ექსპორტში რუსეთის წილის 21%-დან 7,8%-მდე შემცირებას მკვლევრები, ერთი მხრივ, რუსეთში შეიარაღებას მოთხოვნის მზარდი საჭიროებით ხსნიან, მეორე მხრივ კი ინდოეთის - რუსეთის იარაღის ტრადიციული იმპორტიორის - სხვა ბაზრებზე ნაწილობრივ გადართვით და ჩინეთის - ასევე რუსული შეიარაღების ტრადიციული მსხვილი იმპორტიორის - მიერ საკუთარი წარმოების გაფართოებით.

მასალა განახლდა 22:05 საათზე.