აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ "მიმდინარეობს ვიზების გაუქმება" იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა იზეიმეს.
"ამერიკა არ უმასპინძლებს იმ უცხოელებს, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების გარდაცვალებას ზეიმობენ," დაწერა რუბიომ X-ზე გავრცელებულ პოსტში. "მიმდინარეობს ვიზების გაუქმება. თუ აქ ვიზით ხართ და პოლიტიკური ფიგურის საჯარო მკვლელობას გულშემატკივრობთ, დეპორტაციისთვის მოემზადეთ. თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის." - დაამატა მან.
Fox News-თან ინტერვიუში რუბიომ ასევე აღნიშნა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზებს არ მისცემს მათ, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა.
"ჩვენი საქმე არ არის ქვეყანაში იმ ადამიანების მოწვევა, რომლებიც ნეგატიურ და დამანგრეველ საქმიანობაში იქნებიან ჩართულნი. თუ მე ვინმეს მოვიწვევ, თუ ჩვენ ვიღაცას აშშ-ში სტუმრად მოვიწვევთ, სტუდენტად, ტურისტად ან სხვა, მაშინ სტანდარტი, რომელიც მათ უნდა დაიცვან, ძალიან მაღალია." - ამბობს რუბიო.
10 სექტემბერს ჩარლი კირკი Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.