არ ვართ დაინტერესებულები, რომ დასავლეთის დაღმასვლის თავაზიანი მეურვეები ვიყოთ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ამერიკაში ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები, რომ დასავლეთის კონტროლირებული დაღმასვლის თავაზიანი და წესიერი მეურვეები ვიყოთ. ჩვენ არ ვიღვწით გამიჯვნისკენ, არამედ ვცდილობთ, გავაცოცხლოთ ძველი მეგობრობა და განვაახლოთ ყველაზე დიდებული ცივილიზაცია კაცობრიობის ისტორიაში.
რაც ჩვენ გვსურს, არის გამოცოცხლებული ალიანსი, რომელიც ხედავს, რომ ის, რაც ჩვენს საზოგადოებებს აწუხებს მხოლოდ ცუდი პოლიტიკა კი არა, უიმედობისა და თვითკმაყოფილების მძიმე განწყობაა. ალიანსი, რომელიც ჩვენ გვსურს, არ პარალიზდება შიშით გამოწვეული უმოქმედობით - კლიმატის ცვლილების, ომის ან ტექნოლოგიის შიშით.
პირიქით, ჩვენ გვსურს ალიანსი, რომელიც თამამად მიისწრაფვის მომავლისკენ და ერთადერთი შიში, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის შერცხვენის შიში, რომ ჩვენს ერებს არ დავტოვებთ უფრო ამაყს, ძლიერსა და მდიდარს ჩვენი შვილებისთვის.
ალიანსი, რომელიც მზადაა, დაიცვას ჩვენი ხალხი, იყოს ჩვენი ინტერესების გარანტი და შეინარჩუნოს მოქმედების თავისუფლება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ბედი თავად განვსაზღვროთ - და არა კავშირი, რომელიც არსებობს გლობალური კეთილდღეობის სახელმწიფოს სამართავად და წარსული თაობების ვითომითი ცოდვების გამოსასყიდად.
ალიანსი, რომელიც არ დაუშვებს მის კონტროლს მიღმა არსებულ სისტემებზე თავისი ძალაუფლების გადაცემას, შეზღუდვას ან დაქვემდებარებას; ალიანსი, რომელიც თავისი ეროვნული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საჭიროებების ნაწილში სხვებზე დამოკიდებული არ არის; რომელიც თავაზიანად არ აგრძელებს თავის მოჩვენებას, რომ თითქოს ჩვენი ცხოვრების წესი უბრალოდ ერთ-ერთია მრავალთაგან; და რომელიც მოქმედებამდე ნებართვას არ ითხოვს.
და უპირველეს ყოვლისა, ალიანსი, რომელიც ეფუძნება იმის აღიარებას, რომ ჩვენ, დასავლეთმა, ერთად მემკვიდრეობით მივიღეთ ის, რაც უნიკალური, გამორჩეული და შეუცვლელია, ვინაიდან ეს, ბოლოს და ბოლოს, ტრანსატლანტიკური კავშირის უშუალო საფუძველია.
ერთად ასე მოქმედებით ჩვენ არა მხოლოდ აღვადგენთ გონივრულ საგარეო პოლიტიკას, არამედ ეს ჩვენ საკუთარი თავის უფრო მკაფიოდ აღქმაში დაგვეხმარება. ეს აღადგენს ჩვენს ადგილს მსოფლიოში და ამით დაძრახავს და შეაკავებს ცივილიზაციური წაშლის ძალებს, რომლებიც დღეს როგორც ამერიკისთვის, ისე ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენენ", - განაცხადა რუბიომ.







