NATO-ს გენერალურმა მდივანმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ირანის წინააღმდეგ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას და გამოთქვა მოლოდინი, რომ ჰორმუზის სრუტეში ამერიკის მხარდასაჭერად NATO-ს სახელმწიფოები საბოლოოდ "ერთად დადგებიან".
"რაც ვიცი, არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვდგებით," აღნიშნა რუტემ CBS News-თან ინტერვიუში და პრეზიდენტ ტრამპს "გაგებით მოკიდება" სთხოვა, რადგან, მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს ამისთვის მომზადება მოუწიათ, ვინაიდან, "კარგი მიზეზების გამო ირანზე თავდაპირველი თავდასხმის შესახებ არ იცოდნენ".
"ცხადია, არ შემიძლია თქვენთან ვისაუბრო იმაზე, რასაც საიდუმლოდ განვიხილავთ, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო, პრემიერმინისტრი სტარმერის ლიდერობით, წინ უძღვება 22 ქვეყნის ძალისხმევას. ამ კვირაში სატელეფონო საუბრები მქონდა პრემიერმინისტრ სტარმერთან და პრეზიდენტ მაკრონთან, და კიდევ ერთხელ, ამას მოჰყვა 22 ქვეყნის ჩართვა ამ ინიციატივაში." - თქვა რუტემ და დაამატა, რომ NATO-ს ქვეყნები მზად არიან, რომ "ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად ცურვა უზრუნველყონ, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მსოფლიო ეკონომიკისთვის".
რუტეს თქმით, რასაც აშშ-ს პრეზიდენტი ირანთან მიმართებით აკეთებს "კრიტიკული მნიშვნელობისაა". ამის გამო NATO-ს გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკელი ხალხი მხარს დაუჭერს ტრამპს, რადგან, მისი თქმით, ტრამპი ამას აკეთებს, რათა "მსოფლიო უფრო უსაფრთხო" იყოს.
"ზუსტად როგორც ელჩმა უოლცმა თქვა, ჩვენ ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში ვნახეთ, თუ ძალიან დიდხანს ვმართავთ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, გასცდე მომენტს, როცა კვლავ შეგიძლია ამის გაკეთება და ჩრდილოეთ კორეას ახლა ბირთვული შესაძლებლობები აქვს." - განმარტავს რუტე.
"ირანს ბირთვული შესაძლებლობები რომ ჰქონოდა, მათ შორის, სარაკეტო შესაძლებლობებთან ერთად, ეს პირდაპირი, ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის, რეგიონისთვის, ევროპისთვის, მსოფლიო სტაბილურობისთვის." - დაამატა მარკ რუტემ და ირანი რეგიონსა და მსოფლიოში "ქაოსის ექსპორტიორად" დაახასიათა.






