ნატო-მ რუსეთს გარკვეული სიმშვიდით უპასუხა, არსებითად, ჩვენ ვთქვით: გვისმინეთ, ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ, შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
რუტეს თქმით, რუსეთის მხრიდან ნატო-ს ტერიტორიას უშუალო საფრთხე არ ემუქრება.
„ვფიქრობ, ამ სიტუაციის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა ნატო-ს მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნებაა. შეგვიძლია, გარკვეული სიმშვიდე გამოვიჩინოთ, თუმცა ამავდროულად უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმ საქმეს ვაგრძელებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით“, – აღნიშნა რუტემ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთთან დაკავშირებული საფრთხის შეფასება უცვლელი დარჩა სამი კვირის, სამი თვისა და ერთი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით.
რუტემ დასძინა, რომ რუსეთს რომ გადაეწყვიტა ქმედებების განხორციელება ფინეთის, ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყნის, პოლონეთის ან ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნის წინააღმდეგ, ამას წინ უნდა უძღვოდეს სამხედრო ძალების მობილიზება.
მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მიიღებს მონაწილეობას ევროპის დაცვაში როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული საშუალებების გამოყენებით.
რუტეს თქმით, ნატო გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა, კერძოდ, უკრაინის მხარდაჭერასა და მის თავდაცვაში ინვესტირებას.
ნატო-ს ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ აქვს ინტერესი, მოლაპარაკებები გამართოს უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„ტანგოს საცეკვაოდ ორი პარტნიორია საჭირო. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინს სურს ამ „ტანგოს“ ცეკვა, როდესაც საქმე სამშვიდობო შეთანხმებას ეხება“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
ნატო-სთვის გაგზავნილ დოკუმენტში რუსეთმა განაცხადა, რომ მზად იქნება ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ დასავლური ალიანსი შეეცდება, მოწყვიტოს კალინიგრადი, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპიროზე, პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს.








