რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გამართა ბრიფინგი, სადაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა გადაადგილდეს თუ არა სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებები ჟენევიდან "უფრო მეგობრულ ქვეყანაში, მაგალითად მინსკში",
ზახაროვამ დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის ჟენევის ალტერნატივის ძიება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული ადგილი ჯერ არ გამოჩენილა.
"ამდენი წელი არა მხოლოდ ვადევნებდით თვალს, არამედ ვმონაწილეობდით. ამდენი გადავიტანეთ, უკვე გვინდა - არა იმდენად ადგილი მოვძებნოთ სადაც "მოვილაპარაკებთ", არამედ უკვე შევთანხმდეთ," - განაცხადა ზახაროვამ
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ჟენევიდან გადაადგილების ინიციატივა "სწორედ რუსული მხარის მიერ იქნა წამოყენებული" და მიზეზად ასახელებს, რომ შვეიცარიამ "ნეიტრალეტიდან გადაუხვია."
" ეს "კოლექტიური დასავლეთის“ მიერ დაწესებული უკანონო, ანტირუსული, რუსოფობიური ევროკავშირის სანქციებისა და სხვა შემზღუდავი ზომების დაცვის შედეგია," - თქვა მან.
ფორმატში მონაწილეობენ გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეები, ასევე საქართველოს, რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები. ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ "ფორმატის ფარგლებში მუშაობისადმი ერთგულებას ყველა მონაწილე მხარე რეგულარულად ადასტურებს".








