საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ამჟამად რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების დრო არ არის, რადგან უკრაინაში ისევ სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ გამოცემასთან ჩინეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"ვფიქრობ, ჩინეთიც იმავე დაკვირვებებს აკეთებს, როგორსაც ჩვენ, რომ დღეს კვლავ სამხედრო მოქმედებებია. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკებების დრო არ არის, თუნდაც ჩვენ ამას ვამზადებდეთ", - თქვა მაკრონმა.
რაც შეეხება ჩინეთში ვიზიტს, როგორც მაკრონმა აღნიშნა, დიალოგის მიზანი უკრაინაში ომის მიმართ მიდგომების კონსოლიდაციაა. მისივე თქმით, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა შეხვედრაზე ისაუბრა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
"არ შეიძლება არსებობდეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, მანამ სანამ ევროპაში არის ომი ან გაყინული კონფლიქტი. არის თუ არა უკრაინა პრიორიტეტი ჩინეთის დიპლომატიისთვის? - შესაძლოა არა, მაგრამ ეს დიალოგი იძლევა შესაძლებლობას, რომ შემცირდეს ის კომენტარები, რაც მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ გარკვეული თვითკმაყოფილების შესახებ", - თქვა მაკრონმა.