მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბიზნესმენი ვასილე ტოფანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა.

როგორც ვასილე ტოფანიმ წარდგენისას აღნიშნა, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებს მოსახლეობის მოლოდინების გასამართლებლად.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ამას მიღწევად არ მივიჩნევ; ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობით დატვირთული ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რათა მოლდოველების მოლოდინები გავამართლო. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე დავიწყებ მუშაობას მოლდოველების ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა ტოფანმა.

მოლდოვის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, კანდიდატი 15 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მთავრობის პროგრამასა და მინისტრთა სრულ შემადგენლობას ნდობის გამოსაცხადებლად. პარლამენტი არჩეულ დეპუტატთა უმრავლესობით თუ ნდობას გამოუცხადებს მთავრობას, პრეზიდენტი გამოსცემს მთავრობის დანიშვნის აქტს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ფიცს დებენ და მთავრობა ოფიციალურად იწყებს უფლებამოსილების განხორციელებას.

ცნობისთვის, 3 ივლისს მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრუ მუნტეანუმ გადადგომის შესახებ განაცხადა. მუნტეანუს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ბოლო დღეებში მოლდოვაში მომხდარ კორუფციულ სკანდალებს უკავშირდება. კერძოდ, გამოვლინდა, რომ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს, MOLDATSA-ს ხელმძღვანელს, რომელიც ამ თანამდებობაზე ამჟამინდელმა მთავრობამ დანიშნა, უნივერსიტეტის ყალბი დიპლომი და ასევე პილოტის ყალბი ლიცენზია აქვს

თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"