ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ესპანელი ფეხბურთელის კოცნის გამო პატიმრობა ემუქრება, კორუფციის საქმეზე დროებით დააკავეს. იუწყება BBC
რუბიალესი დომინიკის რესპუბლიკიდან ჩამოსვლისთანავე დააკავეს მადრიდის აეროპორტში და დაკითხვის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.
რუბიალესი ეჭვმიტანილია უკანონო საკომისიოს აღებაში ესპანეთის სუპერთასის მატჩების საუდის არაბეთში ჩატარების შეთანხმების შემდეგ.
პროკურატურა მისთვის ორწლინახევრით თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნას აპირებს. თავად რუბიალესი აცხადებს, რომ მას არანაირი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია.
რუბიალესი სასამართლოში შესაძლოა 4 აპრილს გამოცხადდეს.
მარტში, როდესაც რუბიალესი დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა.
ჩხრეკა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაშიც გაიმართა.
რუბიალესს უკვე ელოდება ერთი სასამართლო პროცესი ესპანელი ფეხბურთელის ჯენი ჰერმოსოს მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით, რომელსაც მან ტუჩებში მისი ნების საწინააღმდეგოდ აკოცა გასულ ზაფხულს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიაზე.
ჰერმოსომ და მისმა თანაგუნდელებმა მაშინ თქვეს, რომ კოცნა არასასურველი და დამამცირებელი იყო. ამ ინციდენტისა და ატეხილი სკანდალის შემდეგ, თავად რუბიალესმა დატოვა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია.