რუს მეწარმეებს, თვითმფრინავების შეძენა, ევროკავშირის ქვეყნებში თურქეთისა და იტალიის კომპანიების ქსელის მეშვეობით შეეძლოთ. ამ სქემის გამოძიება ლიეტუვის ტელე-რადიო კომპანია LRT-ის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს.
სქემა მოიცავს ფირმებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ევგენი კაბანოვზე, რუსეთის მფრინავებისა და საჰაერო ხომალდების მოქალაქეთა მფლობელთა ინტერრეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის საბჭოს წევრზე. მისი რუსული კომპანიის ტელეგრამის არხი იტყობინება, რომ ის ევროპაში თვითმფრინავის ან ვერტმფრენის შეძენაში ეხმარება, მიუხედავად სანქციებისა, ასევე ევროკავშირში დაბლოკილი თვითმფრინავის დაბრუნებაში ან სათადარიგო ნაწილების შეძენაში.
კერძოდ, LRT-მ გაარკვია, რომ პატარა ოთხადგილიანი Cessna 172 თვითმფრინავი დანიაში შეიძინა თურქულმა კომპანია Edermont-მა, რომელიც რეგისტრირებულია კაბანოვზე. მყიდველი აცხადებდა, რომ თვითმფრინავი თურქეთში გამოიყენებოდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მილანში რეგისტრირებული კაბანოვის სხვა კომპანიის, MAK Aviation-ის შუამავლობით, ისინი თვითმფრინავის პსკოვში გადაყვანას ცდილობდნენ შვედეთისა და ლიეტუვის გავლით. ლიეტუვის ქალაქ პალანგას აეროპორტში საწვავის შევსებისას თვითმფრინავი დააკავეს.
დანიისა და ლიეტუვის ხელისუფლება სანქციების შესაძლო დარღვევას იძიებს. დაწესებული შეზღუდვების თანახმად, რუსების საკუთრებაში არსებული, შეკვეთილი ან სხვაგვარად კონტროლირებადი თვითმფრინავები ევროკავშირში დაშვებას ან აფრენას ვერ შეძლებენ.