ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ორპარტიული კანონპროექტის განხილვა დააანონსა.
სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში "რესპუბლიკელი" სენატორი წერს, რომ პროექტი უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კი საშუალებას მისცემს მეორადი სანქციები და ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ გაზსა და ნავთობს ყიდულობენ.
"მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერით კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის განხილვას დაიწყებს, რომელსაც ორპარტიული უმრავლესობა უჭერს მხარს და რომელიც პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში სისხლის ღვრის დასრულებისთვის მეტ საშუალებას მისცემს. ასევე ის მეტ საშუალებას იძლევა მეორადი სანქციები და ტარიფები დაუწესდეს იმ ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ გაზსა და ნავთობს ყიდულობენ. კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს ასევე მეტ შესაძლებლობასა და ძალას აძლევს, პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს", - დაწერა გრემმა.




