პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ირწმუნება, რომ გუშინდელი არჩევნები არაბულმა პარტიებმა „მოიპარეს“ და  პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურისგან („შინ ბეტი“) მოითხოვს, გამოიძიონ ფართოდ გავრცელებული გაყალბებისა და ამომრჩეველთა დაშინების ბრალდებები.

 

The Times of Israel-ის თანახმად, ლიკუდი აცხადებს, რომ ქნესეთის „არჩევნები გაყალბდა არაბული პარტიების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორს და ებრაული სახელმწიფოს ლიკვიდაციას ისეთი სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულების მეშვეობით, როგორიცაა მოსყიდვა, მუქარა, ძალადობა, დოკუმენტების გაყალბება და უკანონო პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ამომრჩევლების მობილიზებისთვის“.

არაბების მიერ მართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა „რაამმა“ და „ერთობლივმა სიამ“, რომლებიც მონაწილეობენ ყველა არჩევნებში და იღებენ ადგილებს ქნესეთში, გუშინ რეკორდული რაოდენობის ხმები მიიღეს და, სავარაუდოდ, ისტორიულ 19 ადგილს მოიპოვებენ. ეს ნიშნავს, რომ როგორც ნეთანიაჰუს ბლოკი, ასევე მის მოწინააღმდეგე ებრაული  პარტიები შორს არიან ქნესეთში უმრავლესობის მოპოვებისგან.

მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ნეთანიაჰუს პარტია აცხადებდა, რომ არაბულ პარტიებთან თანამშრომლობა უკანონოა. დღევანდელ განცხადებაში ლიკუდი ამტკიცებს, რომ პოლიციას, „შინ ბეტს“ და ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტს აწვდის „ასობით ჩვენებას“ და სხვა მტკიცებულებას, მათ შორის მოითხოვს „საფუძვლიან გამოძიებას“ და ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის დაუყოვნებლივ რეაგირებას.

სატელევიზიო არხ TIMES NOW-ის ცნობით, პოლიციამ, პარტიის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბრალდებებს მტკიცებულებები არ ახლავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა ხმების 96,22%-ის დამუსავების და მანდატების ისრაელში დაკანონებული და ბადერ-ოფერის მეთოდით გამოთვლით სამთავრობო კოალიციას 53 მანდატი აქვს, ოპოზიციას - 48, არაბულ პარტიებს კი 19.

96,22%-იან მაჩვენებელში ჯერ კიდევ არ არის ასახული ე.წ. „ორმაგი კონვერტები“ (ჯარისკაცების, დიპლომატების, პატიმრებისა და საავადმყოფოებში მყოფთა ხმები). ხმების ამ საბოლოო ნაწილის დათვლა და პირველადი სრული შედეგების გამოქვეყნება 30 ოქტომბრამდე (პარასკევამდე) იგეგმება, საბოლოო შედეგების გამოქვეყნების ბოლო ვადა კი 4 ნოემბერია.





სამთავრობო კოალიცია:
ლიკუდი (ბენიამინ ნეთანიაჰუ) - 27 მანდატი
გაერთიანებული თორა იუდაიზმი - 7 მანდატი
ოცმა იეჰუდიტი - 7 მანდატი
შასი - 6 მანდატი
რელიგიური სიონიზმი & ზიჰუტი (იდენტობა) - 6 მანდატი

ოპოზიცია:
იაშარი (გადი აიზენკოტი) - 21 მანდატი
ბიახადი - 12 მანდატი
დემოკრატები - 8 მანდატი
იისრაელ ბეიტანუ - 7 მანდატი

არაბული უმცირესობების ინტერესების დამცველები:
გაერთიანებული სია (პარტიები: ჰადაში, თაალი და ბალადი) - 12 მანდატი
რაამი - 7 მანდატი

მოამზადა რაულ კაპანაძემ