ქარიშხალ „დანიელის“ გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად განადგურებულ ლიბიის ქალაქ დერნაში მაშველები ცხედრებისთვის სპეციალურ ტომრებს ითხოვენ.

„ვშიშობ, რომ ქალაქი დაინფიცირდება ეპიდემიით ნანგრევებში და წყალში დიდი რაოდენობის ცხედრების არსებობის გამო“, - განაცხადა დერნას მერმა აბდულმენამ ალ-გაითიმ.

მანამდე, აღმოსავლეთ ლიბიის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ზღვიდან მუდმივად ირიყება ათობით ცხედარი.

„ცხედრები ყველგანაა – სახლებში, ქუჩებში, ზღვაში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, იპოვით გარდაცვლილ მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს,“ - განაცხადა ბენღაზის ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის თანამშრომელმა მედიასთან.

დერნას მცხოვრებლები ახალი საველე საავადმყოფოს გახსნას ითხოვენ, რადგან ქალაქში არსებული ორი საავადმყოფო მორგებადაა ქცეული.

დერნას მერი აცხადებს, რომ ქალაქში დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს.

ლიბიაში დახმარება და სამაშველო ჯგუფები 12-მა ქვეყანამ გაგზავნა.