ლიბანში, სამხრეთ სიდონში, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმოდა. 

ამის შესახებ „ბიბისი“ ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ქვეყნის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ბანაკთან ახლოს ორი ახალი დარტყმა მოხდა. მათივე ცნობით, დარტყმა ისრაელმა ადგილობრივი დროით 16:30 საათზე განახორციელა.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და ლიბანის არმიის ჯარისკაცი დაიჭრნენ.

ამასთან, ლიბანის სოციალური დაცვის მინისტრის, ჰანინ საიედის ცნობით, ამ დროისთვის ლიბანში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ცნობისთვის, ისრაელმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, საცხოვრებლები დატოვონ, რის მიზეზადაც დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვა დაასახელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ ლიბანზე 100-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს.