რომის პაპმა ლეო XIV-მ ევროპას მოუწოდა, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, დიალოგი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტის დასასრულს, მეცში, ლეო XIV-მ მსოფლიოში მზარდი სისასტიკის შესახებ გააფრთხილა საზოგადოება.

"ჩვენს დროში ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები სულ უფრო ბარბაროსული ხდება", — განაცხადა პონტიფიკოსმა შეხვედრაზე, სახელწოდებით "ევროპის სათავეებთან - მშვიდობისა და ერთიანობისთვის".

რომის პაპი მიიჩნევს, რომ ევროპას შეუძლია, ბოლო მოუღოს პოლიტიკაში არსებულ "დაღმავალ სპირალს" - "იმ მოყვასისადმი პატივისცემის წყალობით, რომელიც მან აღზარდა და შეინარჩუნა".

ქალაქი მეცი მჭიდროდ არის დაკავშირებული რობერ შუმანის - ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და NATO-ს ერთ-ერთი დამფუძნებელ მამის სახელთან.

შუმანს სჯეროდა, რომ ევროპა საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზეა დაფუძნებული; ეს არის კონტინენტი, სადაც დიალოგს შეიარაღებულ კონფლიქტებზე მაღლა აყენებენ, შეახსენა დამსწრეებს ლეო XIV-მ.

ევროპის შესახებ სიტყვით გამოსვლა პაპის საფრანგეთში ვიზიტის პოლიტიკური კულმინაცია გახდა, აღნიშნავს სააგენტო. პარიზში ლეო XIV, კერძოდ, შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და ეწვია იუნესკოს (UNESCO) შტაბ-ბინას. პონტიფიკოსმა ილოცა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში (ნოტრ-დამში) და შეხვდა 80 000-მდე ახალგაზრდას სტადიონ "სტად დე ფრანსზე".

მოგვიანებით, პაპმა პარიზში, თანხმობის მოედანზე (Place de la Concorde) წირვა აღავლინა. 800 000-მდე ადამიანი მოვიდა ლეო XIV-ის მისასლმებლად.