რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეჩერება არსებულ ფრონტის ხაზზე გამორიცხულია. მისი თქმით, ნებისმიერი მსგავსი ნაბიჯი ისტორიული წარსულის ღალატის ტოლი იქნება.
ინტერვიუში მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე ეტაპზე კონფლიქტის გაყინვა დაუშვებელია:
"თუ ჩვენ ახლა ვინმეს მოთხოვნით ფრონტის ხაზზე გავჩერდებით, ეს იქნება ჩვენი ბაბუების და პაპების გმირობის გადახაზვა, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. საუბარია ჩვენს პასუხისმგებლობაზე, რუსეთის სახელმწიფოს ათასწლოვან ისტორიაზე", — განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთი არ აპირებს მოქმედებების შერბილებას და საჭიროდ მიიჩნევს საბრძოლო მიზნების ბოლომდე მიყვანას, სანამ მდგრადი და გრძელვადიანი პირობები არ შეიქმნება.




