"იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მის საზღვრებს გასცდება, NATO-ს ქვეყნების უმრავლესობა რუსული რაკეტების შეტევას ვერ მოიგერიებს", - მიიჩნევს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი.
გაზეთ The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა, მან დრონების გამოყენების სფეროში ტექნოლოგიების "ელვისებურ" განვითარებაზე მიუთითა, რის გამოც, საჰაერო ომისთვის მოსამზადებლად, ევროპის ამჟამინდელი ძალისხმევა, შესაძლოა, უკვე მომდევნო წლის შუა პერიოდისთვის მოძველდეს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონებისგან დაცვას, ანტისარაკეტო თავდაცვას სერიოზული პრობლემები აქვს. და მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ამას აწყდება უკრაინა, ამას აწყდება მთელი ევროპა და NATO. თუ რუსეთი ამ ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტის გაშვებას გადაწყვეტს, ვფიქრობ, დღეს ეს ბევრი ქვეყნისთვის სერიოზული გამოცდა იქნება", - განაცხადა რინკევიჩმა.
ლატვიის პრეზიდენტის აზრით, რუსეთი ზამთარს უკრაინის ფრონტზე წინსვლისთვის გამოიყენებს, აგრეთვე ყველაფერს იღონებს დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან კიევის მხარდაჭერის შესასუსტებლად.
"საუბარია დივერსიებზე, კიბერშეტევებსა და უპილოტო საფრენ აპარატებთან და რაკეტებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე, რომელთა დახმარებითაც მოსკოვი ევროპის მტკიცე გადაწყვეტილებას ამოწმებს", - აღნიშნა მან.
"მე გამოვრიცხავდი ჩვეულებრივ სამხედრო შეჭრას, მაგრამ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ყოველგვარ სხვა ვარიანტს ეხება", - დასძინა რინკევიჩმა.




