ლატვიამ რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების ქვეყანაში შეშვება შეწყვიტა. ამ ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ ადრე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განმარტებების და საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნის შემდეგ, ლატვია წყვეტს რუსეთისა და ბელორუსის საზღვრებზე რუსეთში რეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შეშვებას.
გადაწყვეტილება 12 სექტემბერს 18:00 საათზე ამოქმედდა.
მებაჟეების მიმართ დაუმორჩილებლობისა და საზღვრიდან უკან დაბრუნებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლებელია ავტომობილის ჩამორთმევა.
ევროკავშირიდან რუსეთში რუსული რეგისტრაციის სამგზავრო მანქანებით შესვლა ნებადართულია, თუ ისინი საქონელად არ არის დეკლარირებული.
8 სექტემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა განმარტებები რუსეთში ან რუსეთიდან საქონლის იმპორტისა და ექსპორტის გრძელვადიან შეზღუდვებთან დაკავშირებით. მათ განმარტეს, რომ აკრძალვა მოიცავს მანქანებს და გარკვეულ საქონელს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი მოგზაურთა პირადი ნივთები.
ამასთან, ევროკომისიამ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.