უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს. ამის შესახებ მან გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"პუტინს კვლავ სჯერა, რომ შეუძლია უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება და უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიის დამარცხება და ის ფიქრობს, რომ მას ერთი ნაბიჯი აშორებს დასავლეთის სისუსტის გამოააშკარავებისგან. უკრაინა პუტინის პირადი აკვიატებაა, თუმცა უკრაინის განადგურება ასევე ნიშნავს მისი დიდი მიზნის მიღწევას – აჩვენოს მსოფლიოს, რომ დასავლეთს არ შეუძლია საკუთარი თავის ან იმის დაცვა, რასაც მხარს უჭერს", – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის ყოფილმა დიპლომატმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დასავლელი პარტნიორების სიმტკიცე, განსაკუთრებით გერმანიის, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. მან წუხილი გამოთქვა, რომ, მაშინ როდესაც რუსეთმა შეძლო ჩრდილოეთ კორეის მსგავსი მოკავშირეების პოვნა ჯარების გასაგზავნად, კიევის მოკავშირეები არათანმიმდევრულები და არასანდო არიან იარაღის მიწოდების საკითხში.

"ხალხი ევროპაში შეიძლება გაბრაზდეს ჩემზე, თუმცა მე მაინც ვიტყვი: სიმართლე არის ის, რომ დღეს რუსეთს ჰყავს მეგობარი, რომელიც მზად არის, გაგზავნოს სამხედროები რუსეთისთვის ომში დასაღუპავად", – თქვა კულებამ და აღნიშნა, რომ უკრაინის მეგობრები მას საჭირო იარაღსაც კი არ უგზავნიან.

ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს, როგორ შეიძლება, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწეროს რამე პაქტს და მიიღოს ყირიმის ან დონბასის ანექსია.

"რუსები ინარჩუნებენ დონბასს, ინარჩუნებენ ყირიმს, არა NATO-ში გაწევრიანებას – შეუძლია ზელენსკის ამაზე ხელმოწერა? არ შეუძლია კონსტიტუციის გამო. და იმის გამოც, რომ ეს იქნება მისი პოლიტიკური დასასრული", – განაცხადა კულებამ.