მოსკოვი არანორმალურად მიიჩნევს, რომ მისმა მოკავშირე ერევანმა ვოლოდიმირ ზელენსკის რუსოფობიური განცხადებებისთვის ტრიბუნა დაუთმო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
სომხეთს უფლება აქვს უმასპინძლოს ნებისმიერ ღონისძიებას, მათ შორის ევროკავშირთან სამიტს, მაგრამ მოსკოვი არანორმალურად მიიჩნევს, რომ მისმა მოკავშირე ერევანმა ვოლოდიმირ ზელენსკის რუსოფობიური განცხადებებისთვის ტრიბუნა დაუთმო. ასეთი შეფასება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, „ვესტის“ ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში გააკეთა.
„არანორმალური ის არის, რომ ერევანმა ტრიბუნა სრულიად ანტირუსული განცხადებებისთვის დაუთმო“, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა. „აი ესაა არანორმალური, არ შეესაბამება ერევანთან ჩვენი ურთიერთობების სულისკვეთებას“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ერევნისგან გარკვეულ განმარტებას ველოდებოდით“, - აღნიშნა მან. კრემლის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი „ვერ ხვდება, რატომ გაისმის ანტირუსული განცხადებები სომხეთიდან“.
„აი, ეს ჩვენ არ გვესმის. და რატომ არ ცდილობს სომხეთის მთავრობის მეთაური როგორმე დააბალანსოს ეს თავისი განცხადებებით? აი ეს ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია ავხსნათ“- თქვა პესკოვმა და დასძინა:
„იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ ანტირუსული განცხადებებისთვის ტრიბუნა იქნა მიცემული, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან არ ყოფილა არანაირი დამაბალანსებელი განცხადებები, აქ შემდგომი ანალიზისთვის იხსნება სივრცე“.




