კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის სამხედრო დანაშაულებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კოსოვოში სამხედრო დანაშაულთა გამოძიების სპეციალურმა ტრიბუნალმა იგი დამნაშავედ ცნო, კერძოდ, "უკანონო დაკავებების, წამების, მკვლელობებისა და სასტიკი მოპყრობის" ფაქტებზე.

ჰააგის ტრიბუნალმა, სხვა საკითხებთან ერთად, დამტკიცებულად მიიჩნია 58 წლის ტაჩის პასუხისმგებლობა 96 პოლიტიკურ მკვლელობასა და სხვა მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა წამება და დევნა.

ბრალდება ტაჩისთვის 45 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ბრალდების მხარე სპეციალურ ტრიბუნალს მოუწოდებდა, თტჩისა და სამი სხვა ბრალდებულისთვის – კოსოვოს განთავისუფლების არმიის (კგა) ყოფილი მეთაურებისთვის – კოსოვოს ომის დროს ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არცერთმა ბრალდებულმა არ აღიარა დანაშაული.

სასამართლო მოსმენების მიმდინარეობისას, რომლებიც 2023 წლიდან ხდებოდა, ჩვენება თითქმის 300 მოწმემ მისცა, ხოლო პროცესში 155 დაზარალებული მონაწილეობდა.

ჰაშიმ ტაჩი ჰააგის სპეციალური ტრიბუნალის წინაშე 2020 წელს წარდგა 1998-1999 წლებში სერბეთისგან მხარის დამოუკიდებლობისთვის ომის პერიოდში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებით. კოსოვოს განთავისუფლების არმიის ქმედებების შედეგად, ამ პერიოდში დაზარალდა ასობით კოსოვოელი ალბანელი, სერბი, ბოშა და სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ასევე აღნიშნული პირების პოლიტიკური ოპონენტები.