ძლიერი წვიმების შედეგად განვითარებულ მეწყრულ პროცესებს რუბაიას კოლტანის მომპოვებელ საბადოებზე არსებული შახტების ჩანგრევა და 200 კაცის დაღუპვა მოჰყვა, - განუცხადა სააგენტო „ასოშეიტედ პრესს“ ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ამბოხებულების მიერ დანიშნული გუბერნატორის წარმომადგენელმა, ლუმუმბა კამბერე მუისამ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაღუპულია არანაკლებ 200 კაცი. ცხედრების ნაწილი ჯერ კიდევ ტალახშია ჩარჩენილი, - თქვა მუისამ და დასძინა, რომ რუბაიას სამ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ დაშავებულებს დღეს 50 კილომეტრის დაშორებულ ქალაქ გომაში გადაიყვანენ.
მუისას თქმით, ჩრდილოეთ კივუს ამბოხებულების მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა დროებით შეაჩერა კუსტარული სამთო-მოპოვებითი სამუშაოები და ბრძანა იმ ხალხის გაყვანა, რომელსაც საბადოს მახლობლად თავშესაფარები ჰქონდა აშენებული.
რუბაია აღმოსავლეთ კონგოს შუაგულში მდებარეობს, ცენტრალური აფრიკის ქვეყნის მინერალებით მდიდარ რეგიონში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო გახლეჩილი სამთავრობო ძალებსა და სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის ძალადობის შედეგად, მათ შორის რუანდის მიერ მხარდაჭერილ M23-ს (23 მარტის მოძრაობა - „აიპრესი“) შორის, რომლის ბოლოდროინდელმა აღორძინებამ კონფლიქტი და ისედაც მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გაამწვავა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს კონგოს წილად მთელ მსოფლიოში მოპოვებული კოლტანის (მადანი, რომელიც შედგება კოლუმბიტისა და ტანტალისგან - ნიობიუმის და ტანტალის შემცველი მინერალებისგან - „აიპრესი“) 40 პროცენტი მოდიოდა. ტანტალი სმარტფონების, კომპიუტერების და თვითმფრინავის ძრავების წარმოების ძირითადი კომპონენტია.
2024 წლის მაისში M23 დაჯგუფებამ ქალაქი დაიპყრო და საბადოზე კონტროლი დაამყარა. გაეროს ანგარიშის თანახმად, რუბაიას აღების შემდეგ, ამბოხებულებმა კოლტანით ვაჭრობასა და ტრანსპორტირებაზე გადასახადები დააწესეს, რაც თვეში მინიმუმ 800 000 დოლარს შეადგენს.




