ფაქტია, რუსეთი ამ ომს აგებს, რომ იგებდეს, კიევში იქნებოდა და ხელისუფლებას შეცვლიდა, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა იალტის ევროპის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

"თუ პუტინს ჰგონია, რომ რუსეთი გამარჯვებას აღწევს, მისი "გამარჯვების" განმარტება და ჩემი განმარტება ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. რომ იმარჯვებდეს, ის კიევში იქნებოდა. რომ იმარჯვებდეს, დნეპრის დასავლეთით იქნებოდა. რომ იმარჯვებდეს, ოდესაში იქნებოდა. რომ იმარჯვებდეს, უკრაინის ხელისუფლება უკვე შეცვლილი ექნებოდა. სინამდვილეში რუსეთი ამ ომს აგებს.

ახლა, შეიძლება თქვან, რომ: "დონბასისა და დონეცკის რეგიონში წინ მიდიან", მაგრამ თუ "წინსვლას" მეტრებით ზომავ და არა მილებით, მაშინ კი, შეიძლება წარმატებად ჩათვალო. მაგრამ ის ფასი, რასაც ისინი ამ წინსვლაში იხდიან, უზარმაზარია.

არ მგონია ხალხს რეალურად ესმოდეს ეს რიცხვები, მაგრამ როდესაც დაღუპულებსა და დაჭრილებზეა საუბარი, მათ მილიონზე ბევრად მეტი დაკარგეს. [რუსებმა] ავღანეთი 18 000 ადამიანის დაკარგვის შემდეგ დატოვეს. ვიეტნამი ჩვენ 65 000-ის დაკარგვის შემდეგ დავტოვეთ. რუსეთს კი მილიონზე მეტი დაღუპული ან დაჭრილი ჰყავს. ეს ციფრები მეორე მსოფლიო ომის მასშტაბისაა. თუ დაფიქრდები, თავზარდამცემია.

ის პირველი ხაზის დანაყოფები, რომლითაც მათ ოთხ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ კიევის აღება სცადეს, უკვე აღარ არსებობს. ახლა მეორედ, მესამედ ან მეოთხედ გამოიცვალეს სამხედრო სარდლები. ბრძოლის ხაზზე ტანკები მუზეუმებიდან გამოჰყავთ. ველზე მასშტაბურ მოძრაობებს ვერ ახორციელებენ, რადგან უკრაინელები მათ ანადგურებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან. მაშ, ვფიქრობ თუ არა, რომ რუსები იმარჯვებენ? პუტინი ასე ამბობს, მაგრამ დასავლეთმა უბრალოდ მკაფიოდ უნდა უპასუხოს: "არა, თქვენ არ იმარჯვებთ", - განაცხადა კელოგმა.