მხოლოდ დეკემბრიდან მოყოლებული და მხოლოდ ბახმუტის ფრონტზე რუსეთის ჯამური დანაკარგი 100 ათასს შეადგენს, აქედან 20 ათასი მოკლულია. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა. 

კირბის თქმით, ჯამური დანაკარგების ნახევარზე მეტი ჩვკ ვაგნერის მებრძოლებზე მოდის, ხოლო ვაგნერის დანაკარგების უმრავლესობას ყოფილი პატიმრები შეადგენენ. 

ბახმუტი მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლაა, რომელიც უკვე თითქმის 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიისთვის ვითარება სტრატეგიულად იანვრის დასაწყისში დასახლება სოლედარის დაკარგვის შემდეგ გაუარესდა.

სოლედარის დაკავებით, რუსებმა ბახმუტზე შეტევების არეა გაზარდეს. უკვე მრავალი თვეა რუსი პროპაგანდისტები და Z-ბლოგერები ბახმუტის 
"სწრაფ და გარდაუვალ" დაცემაზე საუბრობენ, თუმცა უკრაინელი მებრძოლები ამ დრომდე აგრძელებენ აქტიურ წინააღმდეგობას, როგორც გარეუბნებში, ასევე უშუალოდ ქალაქის ფარგლებში.

ბოლო ცნობებით ოკუპანტები ბახმუტის დაახლოებით 2/3-ს აკონტროლებენ - უმძიმესი ბრძოლები გრძელდება რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე და დასავლეთ ნაწილში.