თეთრმა სახლმა ბრაზილია მკვეთრად გააკრიტიკა, რადგან პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში ომს ხელს უწყობს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"ამ შემთხვევაში, ბრაზილია რუსულ და ჩინურ პროპაგანდას იმეორებს, ფაქტების სრული იგნორირებით." - თქვა კირბიმ.
პეკინში ვიზიტის დროს, ბრაზილიის ლიდერმა თქვა: "შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ომის წახალისება და დაიწყოს საუბარი მშვიდობაზე. ევროკავშირმა უნდა დაიწყოს საუბარი მშვიდობაზე."
კირბის თქმით, ეს ეხმიანება იმ პროპაგანდისტულ ხაზს, რომელსაც ხშირად იყენებენ მოსკოვი და პეკინი და დასავლეთს ომში ადანაშაულებენ.
ბრაზილია არ შეუერთდა დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს.
კირბის თქმით, ვაშინგტონს "არავითარი წინააღმდეგობა არ აქვს არც ერთ ქვეყანასთან, რომელსაც სურს ომის დასრულება სცადოს."
"ცხადია, ჩვენც გვინდა ომის დასრულება", - თქვა მან, "ეს შეიძლება მოხდეს ახლავე, დღესვე, თუ პუტინი შეწყვეტს უკრაინაზე თავდასხმას და გაიყვანს თავის ჯარებს."
კირბიმ აღნიშნა: "ბრაზილიის ბოლო კომენტარები, რომ უკრაინამ უნდა განიხილოს ყირიმის ოფიციალურად გადაცემა, როგორც მშვიდობიანი დათმობა, უბრალოდ მცდარია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ბრაზილიაა, რომელმაც მხარი დაუჭირა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს."
6 აპრილს, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ უკრაინას ომის დასასრულებლად ყირიმის ნახევარკუნძულის დათმობა შესთავაზა.