ნორმანდიული კლუბის ფეხბურთის ახალმა დირექტორმა, მათეუ ბოდმერმა, კილიან მბაპეს დედის, ფაიზა ლამარის ინიციატივა შეაქო და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება „კანის“ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს.

მშობლიურ „კანში“ ფეხბურთის დირექტორის რანგში დაბრუნებულმა მათეუ ბოდმერმა L’Équipe-სთან ინტერვიუში კლუბის შიდა სამზარეულოზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ნორმანდიული კლუბის მაჟორიტარ აქციონერთან, კილიან მბაპესთან, ფრანგმა ყოფილმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ „რეალის“ თავდამსხმელთან ჯერ პირისპირ საუბარი არ ჰქონია.

„როცა საუბრის დრო მოვა, ეს ბუნებრივად მოხდება. მას საკუთარი კარიერა აქვს და მთლიანად იმითაა დაკავებული. ჩემი მთავარი მიზანია კილიანს ვუთხრა: თავს ნუ შეიწუხებ, საქმეს ჩვენ მივხედავთ“, — განაცხადა ბოდმერმა. 

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანთან პირდაპირი კონტაქტის არქონის მიუხედავად, ბოდმერი აქტიურად ურთიერთობს ფეხბურთელის დედასთან, ფაიზა ლამარისთან, რომელიც „კანის“ ფეხბურთის აკადემიის მართვაში აქტიურადაა ჩართული.

„ჰავრის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მაგალითად მოიყვანა 51 წლის ლამარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების ყოველდღიურობას ეხება.

„მათი პროექტი ახალგაზრდებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა. რომ ნახოთ, რა დონეზეა ორგანიზებული სწავლა, საცხოვრებელი პირობები, კვება და ადამიანური მხარდაჭერა, გაოცდებით. ფაიზამ აკადემიაში მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალა — ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რადგან ახალგაზრდები ახლა ერთმანეთთან ურთიერთობენ და ერთად ცხოვრობენ“, — განმარტა მან.