საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პარაგვაისთან მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ, გუნდის ხასიათზე ისაუბრა. 

ფილადელფიის საშინელ სიცხეში გამართული მატჩის შემდეგ, მბაპემ ტელეკომპანია M6-თან ინტერვიუში საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა.

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მხოლოდ შემტევი და ლამაზი ფეხბურთის თამაში არ ვიცით. თუ საჭირო გახდა, "ხელებსაც გავისვრით" და ამის პრობლემა არ გვაქვს. მათ ეგონათ, რომ სმოკინგებით გამოვიდოდით და მხოლოდ ლამაზ კომბინაციებს გავათამაშებდით. ჩვენ „ბინძური“ ფეხბურთის თამაშიც ვიცით და ამ კომპონენტშიც მათზე უკეთესები აღმოვჩნდით“, - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა.

პენალტით გადაწყვეტილი მერვედფინალი

შეხვედრის ერთადერთი გოლი სწორედ კილიან მბაპემ გაიტანა. მან 70-ე წუთზე ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც დეზირე დუემ მოიპოვა.

მბაპეს თქმით, ფრანგებმა პარაგვაელები მათსავე ხისტ თამაშში აჯობეს: „ყველა თავისი იარაღით თამაშობს, არ არსებობს კარგი ან ცუდი სტილი. მათ ჩვენი ამ გზით გატეხვა სურდათ, მაგრამ პირიქით მოხდა“.

ამ გოლით მბაპე 7 გატანილი ბურთით ტურნირის ბომბარდირთა სიის სათავეში ლეო მესის გაუტოლდა.

მეოთხედფინალში მეტოქე მაროკო იქნება

მომდევნო ეტაპზე, 9 ივლისს, ბოსტონში საფრანგეთის ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდება. ეს იქნება ამ გუნდების რევანში ოთხი წლის წინანდელი, კატარის მუნდიალის ნახევარფინალის შემდეგ, სადაც ფრანგებმა 2:0 გაიმარჯვეს.

მბაპემ ღიმილით აღნიშნა, რომ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და მაროკოს ნაკრების ლიდერმა, აშრაფ ჰაკიმიმ მას მატჩის დასრულებისთანავე მისწერა. „მაროკო ძალიან ძლიერი გუნდია და მათთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა“, — დასძინა ფრანგმა თავდამსხმელმა.