დღეს დილით რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ბალისტიკურ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. კიევის მერისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 5-ს აღწევს.

დაშავებულთა შორის არის ერთი არასრულწლოვანი. დაშავებულებიდან სამი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

მტერმა იერიში კიევის სვიატოშინსკის და დარნიცის რაიონებზე მიიტანა.

დარნიცის რაიონში თავდასხმას ადმინისტრაციულ-სასაწყობო შენობაში და მასთან ახლოს გაჩერებულ სატვირთო მანქანებში ხანძარი მოჰყვა. სვიატოშინსკის რაიონში კი დაიწვა ერთსართულიანი საწყობი.

სამაშველო სამსახურების განცხადებით, გაჩენილი ხანძრები ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და თავდასხმის შედეგების დაზუსტება.

უკრაინული მხარე თავდასხმას რუსეთის მორიგ აგრესიულ ქმედებად აფასებს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავს მიზნად.