კიევში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. უკრაინის საგანგებო სამსახურის ცნობით, დედაქალაქში 8 ივლისს, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია. დაშავდა 121 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.
8 ივლისს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევში რაკეტა მოხვდა ქვეყნის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოს, ასევე კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ კორპუსებს.
ბავშვთა კლინიკაში 2 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ექიმი იყო, შევჩენკოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, შევჩენკოს რაიონში სამრეწველო ობიექტში 2 ადამიანი, სოლომენსკის რაიონში ბიზნესს ცენტრი დაზიანდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, დნეპრის რაიონში ნაწილობრივ დაინგრა კერძო კლინიკის 4-სართულიანი შენობა - დაიღუპა 9 ადამიანი.