უკრაინის პოლიციამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს კიევის რეგიონის გარეუბანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა.
ვერტმფრენში, რომელიც უკრაინის ქალაქ ბროვაში ჩამოვარდა, ქვეყნის შს მინისტრი დენის მონატირსკი, მინისტრის პირველი მოადგილე, ევგენი იენინი და შს სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, კატასტროფას ყველა ემსხვერპლა.
ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა - წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფისას 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვია.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საგანგებო სიტუაციების სამსახურს ეკუთვნოდა.
დაშავებულია 22 ადამიანი, მათგან 10 ბავშვი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.