ხორვატიაში გუშინ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა.

კენჭისყრის პროცესის დასრულების მომენტში გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგები ცხადყოფდა, რომ მოქმედ პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს, კონკურენტებთან შედარებით ბევრად მეტი და ამასთან, პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვებისთვის აუცილებელი ხმების 50%-ზე მეტი ჰქონდა მიღებული მხარდაჭერა.

საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის დასრულებიდან მალევე გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ზორან მილანოვიჩმა დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა.

ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ზორან მილანოვიჩმა 797938 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა ხმების 49,09%-ია, მეორე ადგილზე გასულმა, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა დრაგან პრიმორაცმა კი 314663 ხმა ანუ ხმების მთლიანი რაოდენობის 19,35%.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე სხვა ექვს კანდიდატს მხარი 0,88%-დან 9,25% ამომრჩეველმა დაუჭირა.

პირველი ტურის შედეგები ოპოზიციაში მყოფი „ხორვატიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის" დიდ წარმატებად აღინიშნა, რომ მმართველი „ქრისტიანულ დემოკრატიული თანამეგობრობა" (მასთან ერთად კოალიციაშია „მოძრაობა სამშობლოსთვის" - „აიპრესი") სრულ კატასტროფისგან ამომრჩეველთა ხმების იმ მცირე რაოდენობამ იხსნა, რაც მილანოვიჩს პირველივე ტურში გამარჯვებისთვის დააკლდა.

აღსანიშნავია, რომ ასეთ შეფასებას არ ეთანხმება „ქრისტიანულ დემოკრატიული თანამეგობრობა". დღეს გამართულ შეხვედრაზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ პირველ ტურში მათი კანდიდატის წინააღმდეგ იყო განწყობილი ყველა სხვა კანდიდატი და ყველა მხრიდან შეტევის მოგერიება იყო საჭირო, ახლა კი შესაძლებელი გახდება პროგრამის ირგვლივ საუბარი.

კიდევ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი მათი კანდიდატი დრაგან პრიმორაცი.

ზორან მილანოვიჩის შედეგი პირველ ტურში ძალიან, ძალიან კარგი იყო. „ეს უეჭველია და უნდა ითქვას, რომ ხორვატმა ამომრჩევლებმა მას უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადეს, ვიდრე მე ამ მომენტში”, - თქვა მან და იქვე დაამატა:

„ველოდებით მეორე ტურს, გავაანალიზებთ სად შევცდით კამპანიაში. სპორტსმენი ვარ და მჯერა, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებ".

ზორან მილანოვიჩი მემარცხენე პოლიტიკოსია და საზღვარგარეთ ძირითადად ცნობილია იმით, რომ გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ასევე კრიტიკულადაა განწყობილი კიევისთვის დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერისადმი. პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი მას ნატოსა და ევროკავშირში ხორვატიის ავტორიტეტის შებღალვაში ადანაშაულებს.

ხორვატიის მედიაში გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების მონაცემები აჩვენებენ, რომ რამდენადაც დიდი უპირატესობით ზორან მილანოვიჩმა აჯობა დრაგან პრიმორაცს, იმდენად დიდი უპირატესობით დამარცხდა მასთან საზღვარგარეთის უბნების შედეგებით. მას საზღვარგარეთ მცხოვრებ ხორვატ ამომრჩეველთა 17,05%-მა დაუჭირა მხარი, დრაგან პრიმორაცს კი 48,16%.