თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად აღნიშნა, ყირიმი 2014 წელს პრეზიდენტმა ობამამ დათმო. პრეზიდენტი არ სთხოვს უკრაინას ყირიმის აღიარებას. ეს მათთვის არავის უთხოვია. ის სთხოვს ადამიანებს დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და გააცნობიეროს, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სასტიკი ომი". – უპასუხა ლივიტმა უკრაინის მიერ ყირიმის აღიარების საკითხზე კითხვას.

ლივიტმა ასევე აღნიშნა, რომ "გარიგების მისაღწევად ორივე მხარე ცოტათი უკმაყოფილო უნდა დარჩეს".

გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბარში თეთრი სახლის სპიკერმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის "მოთმინება იწურება", ხოლო ზელენსკი "არასწორი მიმართულებით მოძრაობს".

"პრეზიდენტი ტრამპი იმედგაცრუებულია, მისი მოთმინება იწურება, სამწუხაროდ პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს". – თქვა ლივიტმა.