კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ოტავა შეერთებული შტატების ქმედებებს საპასუხო ზომებით უპასუხებს და ამერიკული პროდუქციის ნაწილზე 50%-იან საბაჟო გადასახადს დააწესებს.

როგორც მარკ კარნიმ აღნიშნა, კანადა არ დაუშვებს ეკონომიკურ ზეწოლას და ვაშინგტონის ნაბიჯებს სრული სიმკაცრით უპასუხებს: "დროა, დავასრულოთ ძველი ილუზიები — ჩვენ ვიმოქმედებთ პრინციპით "დოლარი დოლარზე" და დავიცავთ ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს."

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვაშინგტონსა და კანადას შორის ბოლო წუთს გამართული სავაჭრო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და აშშ-მა კანადური ექსპორტის (დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის) წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფები ძალაში შეიტანა.

კანადის საპასუხო შეზღუდვები ძალაში 8 სექტემბრიდან შევა.

ახალი ტარიფები შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა რძის მრეწველობა, მეტალურგია, ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობა.