ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კამიშევახაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრზე რუსული ავიადარტყმის მსხვერპლთა რიცხვმა 72 ადამიანს მიაღწია.
58 ცხედარი მაშველებმა იმ შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, რომელსაც ავიაბომბი მოხვდა. ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ 13-ის დაღუპვა კი დნმ-ის კვლევის შედეგებით დადგინდა. დაღუპულთა შორის ორი მაშველი და ოთხი პოლიციელია. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში რჩება, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან ვიგოვსკიმ. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, კიდევ ოთხი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
2 ნოემბერს დილით რუსმა სამხედროებმა ავიაბომბები ჩამოაგდეს კამიშევახაში მდებარე უმოქმედო სკოლის შენობაზე, სადაც ჰუმანიტარული დახმარება რიგდებოდა, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერგეი კორეცკიმ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა თავშესაფარში გადაინაცვლეს, რუსებმა დარტყმა მასზეც მიიტანეს და ცხრა ავიაბომბი გამოიყენეს.
კამიშევახაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში დაბა კიდევ 11-ჯერ მოექცა რუსული დაბომბვის ქვეშ, მათგან ცხრა დარტყმა უშუალოდ ნანგრევების გაწმენდის ადგილზე განხორციელდა, განაცხადეს ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. განმეორებითი თავდასხმების შედეგად სამი პოლიციელი და ოთხი მაშველი დაიჭრა.
2 ნოემბერს კამიშევახაში ჰუმანიტარულ ცენტრზე რუსეთის ფედერაციის თავდასხმა უშუალოდ ჰუმანიტარული დახმარების დარიგების მომენტში მოხდა, რამაც დაშავებულთა და დაღუპულთა დიდი რაოდენობა გამოიწვია. ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩატარების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი და ამის თაობაზე ოფიციალურად იყო გამოცხადებული.




