რუსეთმა დიდი ხნის წინ შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა, მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დრონის შეჯახების ფაქტი რუმინეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის სერიოზული დარღვევაა.

„დრონის შეჯახება გალატში მდებარე საცხოვრებელში არის აშკარა და სერიოზული დარღვევა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის. დღეს დილით მე ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრ ოანა ცოიუს და გამოვხატე სრული სოლიდარობა რუმინეთის მიმართ. რუსეთმა დიდი ხნის წინ შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა. მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევის შესაძლებლობა დაუსჯელად. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ პირობა დადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას გაზრდიან, ასევე უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და ინვესტირებას ევროპის თავდაცვით მზადყოფნაში“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.