ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა თავისი 22 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად დანიშნა. ინფორმაცია საზოგადოებას ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა აუწყა, რომელიც ასევე კადიროვების ოჯახის ახლო ნათესავია.
მანამდე აიშატ კადიროვა, ერთი წლის განმავლობაში, კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მაგომედ დაუდოვის თქმით, აიშატ კადიროვა "მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს თავის საქმიანობაში და წარმატებით გაუმკლავდება დასახულ ამოცანებს".
საჯარო სამსახურში დასაქმებამდე, აიშატ კადიროვა ხელმძღვანელობდა ისლამური მოდის სახლს Firdaws-ს. ჩეჩნური მოდის ბრენდი 2009 წელს რამზან კადიროვის მეუღლემ, მედნი კადიროვამ შექმნა. მოგვიანებით, მან კომპანიის მართვის სადავეები ქალიშვილს გადასცა. Firdaws-ის კოლექციების ჩვენებები იმართებოდა გროზნოში, მოსკოვსა და დუბაიში.
2020 წელს აიშატ კადიროვა დედასთან და დასთან ერთად შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაში მოხვდა.