სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ დემოკრატიული უკუსვლის მზარდ ტენდენციას ეუთოს რეგიონში, რომელიც თუ არ შეჩერდა და არ შემობრუნდა, საფრთხეს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნას, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთოს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
უილსონის თქმით, "განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები და რეპრესიების შემაშფოთებელი ტენდენცია, რაც მოჰყვა გაყალბებული არჩევნების შემდეგ ამ ტრაგიკულ მოვლენებს საქართველოში".
"დე ფაქტო "ქართული ოცნების" რეჟიმი და თბილისი არღვევს თავის ნებაყოფლობით აღებულ ეუთოს ვალდებულებებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა და მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ. შედეგად, დაკარგულია მისი დემოკრატიული ლეგიტიმურობა. ამის გამო მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მოითხოვონ ახალი არჩევნები და უარი თქვან "ქართული ოცნების" დიქტატურასთან რეგულარულ ურთიერთობაზე, ვიდრე ისინი არ შეასრულებენ მოთხოვნებს.
ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" დღევანდელი დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რასაც ადასტურებენ არჩევნების დამკვირვებლები მთელ მსოფლიოში. ამის გათვალისწინებით, მაშინ, როცა "ქართულ ოცნებას" უარყოფილი აქვს ევროკავშირისა და NATO-ს ხანგრძლივი მისწრაფებები, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. მე ვეთანხმები მიუნხენში დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის გამოსვლას.
ჩვენ არ ვართ უკრაინის ომში. ეს არის რუსეთის ომი საბჭოთა კავშირის ხელახლა შესაქმნელად დღეს უკრაინაში, მაგრამ რეალურად, ჩვენ ამას ვხედავთ მოლდოვის დნესტრისპირეთის ოკუპაციაში, 2008 წელს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაპყრობაში, უკრაინის ყირიმისა და დონბასის დაპყრობაში, ბელარუსში არჩევნების გაყალბებაში დიქტატორ ლუკაშენკოსთან ერთად, საბედნიეროდ, წარუმატებლად მოლდოვაში და ამჟამად რუმინეთში. მაგრამ არჩევნების გაყალბება, როგორც ვხედავთ, მოხდა საქართველოში", – განაცხადა ჯო უილსონმა. (საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი)