ჰელსინკის კომისია "ატლანტიკური საბჭოს" ქართველი მკვლევრების - სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე და ამერიკულ იმ ორგანიზაციაზე თავდასხმად აფასებს, რომელიც მათ ასაქმებს.

კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის განცხადებაში ასევე წერია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში".

"შევიტყვე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ქალბატონი ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა მათ დამსაქმებელ ამერიკულ ორგანიზაციაზე.

თუ ეს მიგვანიშნებს, რა გველის, მაშინ ნათელია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ მკვლევრებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გააკეთონ თავიანთი საქმე შიშის გარეშე. ჩვენი "მეგობარი აქტით" საქართველოში კანონის უზენაესობის დამრღვევებს დასჯის", - წერია ჰელსნიკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებაში.

ცნობისთვის, ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა ამერიკულ კვლევით ორგანიზაციაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამაში მუშაობენ. მკვლევრების სახლები საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა. 29 ოქტომბერს კი გაირკვა, რომ ორივე მათგანს შეზღუდული აქვთ საბანკო ანგარიშებზე წვდომა, თუმცა მიზეზს ოფიციალურად არ უხსნიან.