აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა.
ჯეი დი ვენსმა შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-თვის ევროპა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა, რომ ჩვენთვის ევროპა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ ბევრ ეკონომიკურ ურთიერთობას, რომელიც შესაძლოა, განვითარდეს ევროპასთან ერთად“, – განაცხადა ვენსმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯეი დი ვენსს საერთო გამოწვევებზე კარგი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში. მადლობა კარგი დისკუსიისთვის ჩვენი, როგორც მოკავშირეების, საერთო გამოწვევებზე.
მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტთან და თქვენთან. გნახავთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას კაია კალასიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის თავდაცვის გაძლიერება და ჩინეთის ქმედებები განიხილეს.
„კარგი შეხვედრა გვქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან. ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის თავდაცვის გაძლიერება და ჩინეთის ქმედებები. როგორც ჩვენი მოწინააღმდეგეები უწევენ კოორდინაციას თავიანთ ქმედებებს, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ“, – წერს კალასი.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება. აშშ-დან კონფერენციაში მონაწილეობას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი მიიღებენ. კონფერენციას ასევე დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
თარგმანი: პირველი არხი