აშშ იცავს გრენლანდიას, ამიტომ აქვს უფლება, ფლობდეს რესურსებს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები უკვე უზრუნველყოფს გრენლანდიის ირიბ დაცვას და შესაბამისად, კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს მისი რესურსების განაწილებაში.

ვენსმა ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპისა და მარკ რუტეს შეხვედრაზე შექმნილი გრენლანდიასთან დაკავშირებული შეთანხმების ჩარჩოს რამდენიმე დეტალზე და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მოიცავდა შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის სასარგებლო წიაღისეულის უფლებებზე წვდომას, ასევე თანამშრომლობას "ოქროს გუმბათის" რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე.

"ჩვენ გვსურს, მონაწილეობა მივიღოთ ამ ულამაზესი ტერიტორიის სიმდიდრის განაწილებაში, მისი მრავალი მინერალითა და რესურსით, რომელსაც, პირველ რიგში, ვიცავთ",- თქვა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, არქტიკის რეგიონში, რომელიც გრენლანდიასაც მოიცავს, უცხოური აგრესიის შეკავებას აშშ-ის სამხედრო ძალა ახერხებს და არა დანიის.

"რა შეუშლის ხელს რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიაში შეჭრაში? დანიის სიძლიერე? რაც არ უნდა მიყვარდეს დანია, არა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების სიძლიერეა", – თქვა ვენსმა.