ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსეთმა სავარაუდოდ, კრემლზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყო, რათა შიდა აუდიტორიისთვის შეექმნა საინფორმაციო ველი და პირობები საზოგადოების უფრო ფართო მობილიზაციისათვის.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც მიანიშნებს, რომ კრემლზე თავდასხმა რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული.

„რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინა მიიღო ზომები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის თავად მოსკოვშიც. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეძლო საჰაერო თავდაცვის მრავალი წრის გარღვევა და აფეთქდა კრემლის თავზე, ისე, რომ ეფექტური კადრები გამოსულიყო.

2023 წლის იანვარში გადაღებული გეოლოკაციური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საჰაერო თავდაცვის სისტემები „პანცირი“ მოსკოვის სიახლოვეს განათავსა, რათა ქალაქის გარშემო შეექმნა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი წრეები. შეტევა, რომელიც ვერ აღმოაჩინა და ვერ შეაჩერა საჰაერო თავდაცვის ასეთმა სისტემებმა და მოხვდა ისეთ სამიზნეს, როგორიცაა კრემლის სენატის დარბაზი, რუსეთისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა.

ინციდენტზე კრემლის სწრაფი, თანმიმდევრული და კოორდინირებული რეაქცია მოწმობს იმას, რომ შეტევა მომზადებული იყო შიგნით იმგვარად, რომ მისი პოლიტიკური შედეგები უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე საინფორმაციო კონფუზი. კრემლმა დაუყოვნებლივ დაადანაშაულა უკრაინა ტერორისტულ თავდასხმაში, რუსეთის ოფიციალური რეაქცია კი სწრაფად გაერთიანდა ამ ბრალდების ირგვლივ“, - ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სწრაფი და თანმიმდევრული რეაქცია მოწმობს, რომ რუსეთმა ამ ინციდენტის ინსცენირება მოაწყო 9 მაისის წინ, რათა რუსული შიდა აუდიტორიისთვის ომი ეგზისტენციალურად წარმოეჩინა.

„კრემლმა შესაძლოა, შეტევა გამოიყენოს 9 მაისის შეზღუდულად აღნიშვნის ან ზეიმის გასაუქმებლად, რაც სავარაუდოდ, გააძლიერებს საინფორმაციო ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ წარმოაჩინოს ომი, როგორც უშუალო საფრთხე რუსული ისტორიული მოვლენების აღნიშვნისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.