ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამშაბათს ყატარის დედაქალაქში საჰაერო დარტყმები განახორციელეს „ჰამასის“ მაღალი რანგის ლიდერებზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიღოპა ექვსი ადამიანი. ისრაელი ამტკიცებს, რომ მოკლული არიან „ჰამასის“ ლიდერები. პალესტინის მოძრაობის პოლიტბიუროს წევრმა აბდელ რაჰმან შადიდმა ტელეარხ „ალ-არაბიას“ განუცხადა, რომ მოძრაობის შტაბ-ბინაში ადმინისტრაციულ მოვალეობების შემსრულებელი ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ყატარმა, რომელიც ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობის მცდელობებში მთავარი შუამავალია, განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმების სამიზნე „ჰამასის„ პოლიტიკური ბიუროს რამდენიმე წევრის სახლები იყო.
„წლების განმავლობაში, ჰამასის ხელმძღვანელობის ეს წევრები ხელმძღვანელობდნენ ტერორისტული ორგანიზაციის ოპერაციებს. მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 2023 წლის 7 ოქტომბრის სასტიკ ხოცვა-ჟლეტაზე და ისინი ორგანიზებას უწევდნენ და ხელმძღვანელობდნენ ომს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია ისრაელის სამხედროების განცხადებაში.
ყატარმა დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ სამიზნე საცხოვრებელი შენობები იყო, სადაც „ჰამასის„ პოლიტიკური ბიუროს წევრები ცხოვრობდნენ.
„ყატარის სახელმწიფო მკაცრად გმობს ისრაელის მიერ განხორციელებულ ლაჩრულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ყატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის„ პოლიტიკური ბიუროს რამდენიმე წევრის საცხოვრებელი შენობები იყო“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაჯედ ალ-ანსარიმ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტში.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.
„ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებზე თავდასხმა ისრაელმა დაიწყო, ისრაელმა განახორციელა და ისრაელი სრულად არის პასუხისმგებელი ამაზე“, - ნათქვამია ნეანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვაშინგტონმა დოჰას მოქალაქეებს მოუწოდა, დარჩნენ ადგილზე.
„აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ ადგილზე და თვალი ადევნონ სოციალური მედიის განახლებებს @USEmbassyDoha“, - განაცხადა აშშ-ის საელჩომ.
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა, დაგმო ისრაელის თავდასხმა და ყატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ ტანისთან სატელეფონო საუბრისას მას „დანაშაულებრივი აქტი“ უწოდა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ასევე დაგმო ისრაელის მიერ ყატარის სუვერენიტეტის „აშკარა დარღვევა“.
„ჰამასის“ მთავარმა მხარდამჭერმა ირანმა დაგმო თავდასხმა, როგორც „ყველა საერთაშორისო წესისა და რეგულაციის აშკარა დარღვევა, ყატარის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და პალესტინელ მომლაპარაკებლებზე თავდასხმა“.
იორდანიამ და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმაც დაგმეს თავდასხმა. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ, მას უწოდა გაგრძლება ისრაელის სასტიკი აგრესიის, „რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილურობას“.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ აბდულა ბინ ზაიდმა, დაწერა, რომ მისი ქვეყანა „სრულ სოლიდარობას უცხადებს ძვირფას ყატარს“.
ისლამურმა ჯიჰადმა, რომელიც ღაზას სექტორში „ჰამასთან“ ერთად იბრძოდა, ასევე დაგმო თავდასხმა.
ტრამპის პრესმდივანმა ყატარზე დარტყმას „სამწუხარო“ უწოდა. მისი თქმით, ყატარი აშშ-ის „მტკიცე მოკავშირესა და მეგობარია“ და დოჰაში „ჰამასის“ ლიდერებზე თავდასხმა „არ უწყობს ხელს ისრაელის ან ამერიკის მიზნებს“.
კითხვაზე, თუ რამდენად კარგად იყო დონალდ ტრამპი ინფორმირებული ისრაელისგან დოჰაზე დარტყმის გეგმების შესახებ და მხარს უჭერს თუ არა აშშ-ს პრეზიდენტი დარტყმას, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლივიტმა უპასუხა:
დღეს დილით ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის სამხედროებისგან შეტყობინება მიიღო, რომ ისრაელი „ჰამასს“ ესხმის თავს, რომელიც სამწუხაროდ, დოჰას, კატარის დედაქალაქის, ნაწილში მდებარეობს.
ყატარის - სუვერენული ერისა და შეერთებული შტატების ახლო მოკავშირის - ცალმხრივი დაბომბვა, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს და მამაცურად რისკავს ჩვენთან ერთად მშვიდობის მისაღწევად, არ უწყობს ხელს ისრაელის ან ამერიკის მიზნებს.
თუმცა, „ჰამასის“ განადგურება, რომელიც ღაზას მოსახლეობის ტანჯვით სარგებლობს, ღირსეული მიზანია.
პრეზიდენტმა ტრამპმა დაუყოვნებლივ დაავალა სპეციალურ წარმომადგენელს ვიტკოფს, ყატარის ინფორმირება მოახლოებული თავდასხმის შესახებ, რაც მან გააკეთა კიდეც.
პრეზიდენტი კატარს შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირედ და მეგობრად მიიჩნევს და უკიდურესად უკმაყოფილოა თავდასხმის ადგილით.
პრეზიდენტი ტრამპი ყველა მძევლისა და ცხედრის დაბრუნებას და ამ ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ითხოვს.
თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთანაც ისაუბრა. მან პრეზიდენტ ტრამპს უთხრა, რომ მას სურს მშვიდობის დამყარება რაც შეიძლება მალე. პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ეს სამწუხარო ინციდენტი შეიძლება მშვიდობის შესაძლებლობა იყოს.
პრეზიდენტი ასევე ესაუბრა ყატარის ემირსა და პრემიერ-მინისტრს, მადლობა გადაუხადა მათ ჩვენს ქვეყანასთან მეგობრობისთვის. მან დაარწმუნა ისინი, რომ მსგავსი ინციდენტი მათ ტერიტორიაზე აღარ განმეორდება“.