ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, რომელიც 28 თებერვალს თეირანზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა, საბოლოოდ მის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში, იმამ რეზას სალოცავის მიმდებარედ დაიკრძალება.

ცერემონია მიმდინარეობს აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციის ფონზე, მას შემდეგ რაც ორმა ქვეყანამ ერთმანეთის პოზიციებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.

დაკრძალვას წინ უძღოდა მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური სამგლოვიარო მსვლელობები ირანსა და ერაყში. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ერაყის ქალაქ ნაჯაფში პროცესიას 2,3 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, თეირანში გამართულ მსვლელობას კი ირანელი მაღალჩინოსნები ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდ საჯარო შეკრებად აფასებენ, - წერს მედია.

მაშჰადის ქუჩებში გამოსული მოქალაქეები აქტიურად სკანდირებდნენ ანტიამერიკულ ლოზუნგებს.

გამოცემის ცნობით, ყურადღების ცენტრში მოექცა ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეიც, რომელიც სამგლოვიარო პროცესიებზე არ გამოჩენილა. ოფიციალური ინფორმაციით, ის იმავე საჰაერო დარტყმების დროს დაიჭრა, რომელმაც მამამისი იმსხვერპლა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.

მიუხედავად თეირან-მაშჰადის სარკინიგზო ხაზზე ღამით განხორციელებული თავდასხმებისა, რამაც ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანა, ირანის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ დაკრძალვის ცერემონია გრაფიკის მიხედვით გაიმართება. ალი ჯაზირას ცნობით, ხამენეიმ თავად მოითხოვა მისი დაკრძალვა მაშჰადში, წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლის, იმამ რეზას სალოცავთან.