ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ იორდანიასა და ქუვეითში მდებარე მოკავშირე ქვეყნების ავიაბაზებზე სარაკეტო და დრონების იერიში მიიტანეს.

ოფიციალური თეირანის ცნობით, აღნიშნული ქმედება საპასუხო ნაბიჯია რეგიონში მიმდინარე დაძაბულობისა და მათ წინააღმდეგ განხორციელებული "პროვოკაციული ქმედებების". ირანული მხარე აცხადებს, რომ სამიზნეები იყო ის ბაზები, საიდანაც, მათი მტკიცებით, ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ოპერაციები იგეგმებოდა.

სამიზნეებად ირანის სამხედრო უწყება ასახელებს ქუვეითში მდებარე "ალი ალ-სალიმის" ავიაბაზას და იორდანიის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ სამხედრო ობიექტებს.

თეირანი აცხადებს, რომ ეს იერიში იყო "ზუსტი და შეზღუდული" და მიზნად ისახავდა რეგიონში "აგენტების" სამხედრო შესაძლებლობების განეიტრალებას.

იორდანიისა და ქუვეითის ხელისუფლებას ირანის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზარალისა და მსხვერპლის შესახებ მონაცემები ზუსტდება. მსოფლიო ლიდერები მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტის ფართომასშტაბიანი გავრცელება ახლო აღმოსავლეთში.