ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი" ავრცელებს.
„სიენენის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე საბრინა სინგჰი იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის დაშავებას ადასტურებს.
სინგჰის თქმით, დაღუპულთა დიდი რაოდენობა განაპირობა უპილოტო საფრენი აპარატის სამხედრო ბაზაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსთან დილაადრიან ანუ იმ დროს შეჯახებამ, როცა სამხედროთა უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა.
უპილოტო სამხედრო აპარატი ბაზას დაახლოებით იმავე დროს მიუახლოვდა, რა დროსაც ბაზაზე აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატი ბრუნდებოდა, ამან გაურკვევლობა წარმოშვა და ვერ მოხერხდა გარკვევა, იყო თუ არა იგი მტრული, - განუცხადა აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა „სიენენს".
აშშ-ის ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული სამივე სამხედრო პირი უკვე იდენტიფიცირებულია. დაღუპულები არიან სამხედროები ჯორჯიის შტატიდან: 46 წლის სერჟანტი უილიამ რივერსი, 24 წლის სამხედრო სპეციალისტი კენედი სანდერსი და 23 წლის სამხედრო სპეციალისტი ბრეონა მოფეტი, - აცხადებს „სიენენი".
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა აღშფოთება და მწუხარება გამოხატა იორდანიაში ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის და დაშავების გამო და განაცხადა, რომ პრეზიდენტი და პირადად ის, არ შეეგუებიან აშშ-ის ძალებზე თავდასხმებს და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას შეერთებული შტატებისა და მისი ჯარების დასაცავად.
აშშ არ არის დაინტერესებული კონფლიქტის გაფართოებით, „ჩვენ არ გვსურს ომი ირანთან", აშშ თავდასხმას „შესაბამისად" უპასუხებს, „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ თავი", - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.