გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა და მოითხოვა, რომ კიევმა მეტი ყურადღება დაუთმოს გერმანიის ეკონომიკურ და თავდაცვასთან დაკავშირებულ ინტერესებს.
გერმანული მედიის ცნობით, ბერლინი უკმაყოფილოა იმით, რომ კიევი დასავლეთიდან გამოყოფილ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას არასაკმარისად მიმართავს გერმანულ თავდაცვასთან დაკავშირებული შეკვეთებისკენ.
ვადეფულის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც გერმანია უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, ბერლინს სურს, რომ ამ მასშტაბური მხარდაჭერიდან სარგებელი გერმანულმა სამხედრო-სამრეწველო კომპანიებმაც მიიღონ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მას უწევს გერმანიის მოქალაქეებისთვის უზარმაზარი დახმარების პაკეტების ახსნა, ამიტომ კიევის მხრიდან მინიმალური ნაბიჯი სწორედ გერმანული მრეწველობის ჩართვა უნდა იყოს ყველა შესყიდვის პროცესში.
"ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდში, მხარს გიჭერთ. მაგრამ მე ეს გერმანელ გადასახადების გადამხდელებსაც უნდა ავუხსნა და მინიმალური მოთხოვნაა, რომ შეიარაღების შესყიდვის ყველა ღონისძიებაში გერმანული თავდაცვის ინდუსტრიაც ჩართოთ", - განაცხადა ვადეფულმა.
"ამჟამად ჩვენ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ გერმანიაში განთავსებული შეკვეთების რაოდენობით", — განაცხადა ვადეფულმა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მან პირადად უკვე წამოჭრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში ვიზიტის დროს.




